გასულ კვირას ალბანეთმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო ტენდერების სფეროს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მინისტრი ჩაიბარებს. „დიელა“ მსოფლიოში პირველი ვირტუალური მინისტრი იქნება. ალბანეთის პრემიერი, ედი რამა პირობას დებს, რომ ეს დანიშვნა ბოლოს მოუღებს სამთავრობო კონტრაქტებში გავრცელებულ კორუფციას, რაც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლებაა. თუმცა, ამ ვირტუალურ კანონმდებელთან დაკავშირებით სერიოზული ტექნიკური, პოლიტიკური და ეთიკური კითხვები არსებობს.
ნამდვილად მოუსყიდავი?
მინისტრად „დიელას“ დანიშვნის დაანონსებისას, რამამ აღნიშნა, რომ ამიერიდან სახელმწიფო ტენდერები „კორუფციისგან 100 პროცენტით თავისუფალი იქნება“. „დიელას“ არასდროს სძინავს, მას ხელფასი არ სჭირდება, არ აქვს პირადი ინტერესები, არ ჰყავს ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ნათესავები კი ალბანეთში დიდი პრობლემაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის ქვეყანაც „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის“ კორუფციის ინდექსში 180 ქვეყანას შორის 80-ე ადგილზეა. ალბანელი პოლიტიკოსები ხშირად ეხვევიან სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალებში. დედაქალაქ ტირანის ყოფილი მერი თანამდებობაზე ყოფნისას დააკავეს და, სამთავრობო კონტრაქტების გაცემასთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებით, დღემდე პატიმრობაში რჩება.
ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სალი ბერიშა ასევე ეჭვმიტანილია თავის გარემოცვაზე სახელმწიფო კონტრაქტების გაცემაში.
არის თუ არა „დიელა“ გამოსავალი?
ექსპერტების აზრით, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. „ნებისმიერი სხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემის მსგავსად, ის მთლიანად დამოკიდებულია მონაცემების ხარისხსა და თანმიმდევრულობაზე და მის უკან მდგარი მოდელების სანდოობაზე“, – ამბობს ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ერიონ კურაი. „დიელას“ მუშაობის ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის, მოთხოვნებზე პასუხის გაცემის დროს, დიდ ენობრივ მოდელებს (LLM) ეყრდნობა – ასევე ტექსტების უზარმაზარ რაოდენობას, რომლებზეც მუშაობენ ისეთი გენერაციული ჩატბოტები, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT ან Gemini. „მაგრამ თუ შეყვანილი მონაცემები არასრული, მიკერძოებული ან მოძველებულია, ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებში ეს ხარვეზები აისახება და ამის გამო, შესაძლოა, არასწორად განიმარტოს დოკუმენტები, მცდარად მოინიშნოს მომწოდებელი ან მოხდეს შესაძლო გარიგების ნიშნების იგნორირება“, – განაცხადა კურაიმ.
„დიდი ენობრივი მოდელები საზოგადოებას ასახავენ – მათ მიკერძოება ახასიათებთ. ამიტომ, არ არსებობს საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ ეს კორუფციის პრობლემას გადაჭრის“, – მიიჩნევს კომპიუტერული მეცნიერი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ჟან-გაბრიელ განასია. „არადა, იმის მტკიცება, რომ მანქანა მიკერძოებული არ არის, ნიშნავს, რომ მას უნდა დავემორჩილოთ“, – ამბობს ის.
ვინ აკონტროლებს?
ალბანეთის ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ შეშფოთების გამო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელობის საკითხს უკავშირდება. „ვინ გააკონტროლებს „დიელას?“, – იკითხა ბერიშამ პარლამენტში. განასიაც ეთანხმება იმას, რომ პასუხისმგებლობისა და კონტროლის საკითხები ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში საკვანძოა: „თუ საჯარო გადაწყვეტილებების მიღება მანქანას ევალება, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა აღარ არსებობს; ჩვენ მონების მდგომარეობაში ვიქნებით“.
„რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ეს არის მანქანის მმართველობის იდეა, რომელიც „სწორ“ პასუხს გვთავაზობს და ყოველგვარ განსჯას გამორიცხავს. პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას იღებს, აქ კი იდეა ისაა, რომ მანქანა იდეალურია და მის გადაწყვეტილებებს ვერ შევეწინააღმდეგებით“, – განაგრძობს მკვლევარი. ამ შეშფოთების საპასუხოდ, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში ნათქვამია, „ვირტუალური ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს, „დიელას“ შექმნასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა “ პრემიერ-მინისტრ რამას ეკისრება.
ძველი კორუფცია, ახალი პროგრამული უზრუნველყოფით
მინისტრად „დიელას“ დანიშვნამ მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო, რაშიც პრემიერ-მინისტრი დახელოვნებულია, იქნება ეს საერთაშორისო შეხვედრებზე კედებით დასწრება, „ტიკ-ტოკის“ აკრძალვა, ბექთაშების სახელმწიფოს შექმნა ვატიკანის მოდელის მიხედვით თუ მიგრანტთა ბანაკების გახსნა იტალიის მთავრობის მიერ ხმელთაშუა ზღვაში დაკავებული არალეგალური მიგრანტების განსათავსებლად. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ახერხებს რამა მიზნების მიღწევას: „ტიკ-ტოკი“ ალბანეთში კვლავ ადვილად ხელმისაწვდომია, მიგრანტთა ბანაკებში მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი გადაიყვანეს და ნოვაციის კანონიერებას იტალიის სასამართლოები დღემდე ეჭვქვეშ აყენებენ. ინიციატივის დაყენებიდან ერთი წლის შემდეგ, არსებითი პროგრესი არც ბექთაშების სახელმწიფოს შექმნის საკითხში შეიმჩნევა.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters