მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადამიანური მადლიერება გამოვხატო. მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობით, მისი მტკიცე ხასიათით, მისი დამოკიდებულებით გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და იმ პოლიტიკით, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ, – განაცხადა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობას, რომ ვართ ერთად, ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.