საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე პირველი შეფასებები გააკეთეს.
უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ბარბარა სილვია ჰეგედუსიმ განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული იყო.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებით აქ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები. ჩვენ ჩამოვედით უნგრეთიდან. ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომ გვენახა დღეს საარჩევნო პროცესი.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გამოგვეცადა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. ის იყო კარგად ორგანიზებული. ვნახეთ, რომ ტექნოლოგიურად თანამედროვე იყო. ვფიქრობ, ასევე კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის, რომ შეგვეძლო სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მისვლა და დაკვირვება სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში.
საარჩევნო უბნებზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით პერსონალს. ჩვენი გამოცდილებით, მოქალაქეები იჩენდნენ ძალისხმევას, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილობრივი მმართველობის ფორმირებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ.
საერთო ჯამში, ჩვენი გამოცდილება ასეთია, რომ კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდობიან გარემოში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ და ვართ მოწმეები ამ თანამედროვე პროცესის“, – განაცხადა ბრიფინგზე უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ბარბარა სილვია ჰეგედუსიმ.