საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან. მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. ამას საზოგადოება ხედავს და ამას საზოგადოება ბუნებრივია აფასებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატების დუმილთან დაკავშირებით, რომლებმაც არ გააკეთეს შეფასება გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც დესტრუქციულ ძალებს ჰქონდათ მცდელობა ხელისუფლების დამხობის.
მისი თქმით, ისინი დუმან და გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც წესით თავადაც უნდა გრძნობდნენ.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს ვინც გუშინ დაშავდა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც მოქმედებდა გუშინ. და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დაშავებულ პოლიციელებს. როგორც მოგეხსენებათ, საჭირო გახდა 15 პოლიციელის გადაყვანა კლინიკაში მიღებული დაზიანებების გამო. საბედნიეროდ მათი მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებული თანადგომა გამოვუცხადო“, – განაცხადა პრემიერმა.