ქართულმა ოცნებამ თბილისში მიიღო ხმების რეკორდული მაჩვენებელი, რაც კი დაფიქსირებულა თვითმმართველობის არჩევნებზე. 2014 წელს გვაქვს 151 000 ხმა მიღებული, 2017 წელს 205 000 ათასი, 2021 წელს – 193 000. ანუ, რაც კი მიგვიღია თვითმმართველობის არჩევნებზე, დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
კერძოდ, მთავრობის მეთაურს ჰკითხეს: „თბილისში მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს მონაცემებით 324000-ზე ცოტა მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. აქედან კალაძეს 215 000-მდე ხმა აქვს მიღებული, ანუ საერთო ამომრჩევლის 20%. არ ფიქრობთ, რომ ეს აჩვენებს საზოგადოების ბრაზს თქვენი პოლიტიკის მიმართ?“
„ქვეყანაში რეგისტრირებულია სამი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველი დაახლოებით, თუმცა ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა არის დაახლოებით ორი მილიონ რვაასი ათასი. დიდი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. დაახლოებით ანალოგიური პროპორციით შეგიძლიათ იანგარიშოთ თბილისის რეალურ მცხოვრებთა მაჩვენებელიც. შესაბამისად პროცენტები რაც ჩანს ოფიციალურად ცესკოს საიტზე, პირობითია, რადგან საქართველოში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია. როდესაც ფიქსირდება, რომ მილიონ 800 000 ამომრჩეველია მოსული და ეს არის პირობითად 52%, სინამდვილეში ეს არის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი – 70%-ის ნიშნავს.
მახსოვს ადრე კელი დეგნანი სპეკულირებდა ასე ციფრებით, გამოცხადდა 60%, ავიღეთ ნახევარი და 30% გიჭერთ მხარსო და ასე უნდა გაყვე ოპოზიციის ხმებსაც. ჩვენ ავიღეთ რეკორდული მაჩვენებელი. თვითმმართველობის არჩევნებში ქართულ ოცნებას ამდენი ხმა არასდროს მიუღია. ეს არის ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, რასაც ძალიან ვაფასებთ და ამ ნდობას მაქსიმალურად გავამართლებთ“, – განაცხადა კობახიძემ.