ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, გუშინ, აქციაზე დაზარალებული პოლიციელების კლინიკაში მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, დაჯგუფების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, გამოყენებული იყო პროპორციული ძალა.
გელა გელაძემ თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
„გუშინ, ძალადობრივ აქციაზე დაზარალდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთაგან ნაწილი გაწერილია სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ. დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება. მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა, გამოყენებულ იყო პროპორციული ძალა. მინდა ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა „მშვიდობიანი დამხობა“ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გელა გელაძემ.
თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დაკავებული არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.