საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, რომ თითქოს ევროკავშირი ტელეკომპანიების – „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას განიხილავს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს უსუსური მცდელობებია.
„თავის დროზე „დიფ სთეითმა“ „ნაცმოძრაობის“ ხელით მოახერხა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, 2007 წელს მიისაკუთრეს ყაჩაღურად და მოროდიორულად ტელეკომპანია „იმედი“. ახლა „ნაცმოძრაობის“ ხელით ვეღარ აკეთებენ და როგორც ჩანს, უნდათ, რომ სხვა ფორმით გააკეთონ ეს ყველაფერი – ეს არის უსუსური მცდელობები. საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, ძლიერი მედია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, როგორც არ უნდა სცადონ შიდა და გარე მტრებმა ამ ყველაფერზე თავდასხმა და შეტევა. სახელმწიფო დაიცავს, რა თქმა უნდა, ყველა ინსტიტუტს და დაიცავს პირველ რიგში მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.