არავის მივცემთ საშუალებას, მით უმეტეს იმ გამოცდილების ფონზე, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა და ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ისაუბრა გუშინ, აქციაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩემ ყველა გამოსვლაში მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ დაფიქრდნენ, გონს მოეგონ, რომ მოტყუებულები არიან და გუშინ კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ. ასეთ [ძალადობრივ] ქმედებებზე როცა რეაგირება ხდება, ირაზმებიან და იწყებენ კამპანიებს – ნახე როგორ ექცევიან ახალგაზრდებს, ციხეში ჩაყარეს… „სინდისის პატიმრები“ გახადეს ის ადამიანები. ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე – ნახეთ როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორ მაღალ დონეზე, როგორ იხვეწება ეს ყველაფერი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება. გამოწვევები ბევრია, უამრავი თემაა, სადაც შეგიძლია არსებულ ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიო და ხალხთან ურთიერთობაში მოხდეს შენი გარდამტეხი პროცესი და გაიმარჯვო. ეს არის გზა ჩვენი მომავლის.
არ ვიცი ეს ხელოვანი კაცი რა შეგნებით მოქმედება, ან ის საზოგადოება, რომელიც მას გამოჰყვა, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ენდო, გაჰყვე ბრძოლაში და პრეტენზია გქონდეს სრულყოფილ მოქალაქეობაზე? ეს ყველაფერი არის დაგეგმილი გარედან. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, იგივე ხდება სლოვაკეთში, რუმინეთში და ბოლო გამოვლინებებია. ყველამ კარგად ვიცით მიხეილ სააკაშვილის „ვაჟკაცობა“, თვითმფრინავის ხმაზე რა დაემართა და როგორ ფორთხავდა მიწაზე, მაგრამ, როცა აგენტია და ავალებენ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, უარს ვერ ამბობს [დავალებაზე]. სამწუხაროდ არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია და ჩვენი მიმართულება უნდა იყოს იქითკენ, რომ ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს“, – აცხადებს პრეზიდენტი.