საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო კომპანიებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საინვესტიციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amundi, Helikon Investments, Yiheng Capital, T. Rowe Price, LMDV Capital, Schroder Investment Management UK, Citi და სხვა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა ქართული საფინანსო ბაზრის მიმართ მაღალი ინტერესისა და ნდობისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა მდგრადია, ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი წლების განმავლობაში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება.
შეხვედრაზე სტუმრებს სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მაკროეკონომიკური პარამეტრების, საბანკო და საფინანსო სექტორის მდგომარეობის და კაპიტალის ბაზრის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და თავის მხრივ მომავალშიც დაინტერესებული არიან ქართულ საფინანსო სექტორში დამატებითი ინვესტირებით.