საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემაა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხვდება.
როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე გერმანიის საელჩოდან არავინ მივიდა. საგარეო უწყებაში შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.
სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.