„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, 2025 წლის 5 ოქტომბერს ,,The New York Times”-ში დაბეჭდილ სტატიაზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერაა დაკვეთილი, იფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, სტატიის საგანი უნდა ყოფილიყო „დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხები“, თუმცა, ,,The New York Times”, ისევე როგორც ,,The Guardian”, იმავე გავლენის ქვეშ არის და ისევე მოქმედებს, როგორც როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა. ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები). დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები“, – წერს თეიმურაზ წიქვაძე.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ,,The New York Times”, რომელიც გარკვეული ისტორიისა და ოდესღაც რეპუტაციის მქონე მსხვილი მედიასაშუალება იყო, ახლა ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ,,მედიებისგან“ არაფრით განსხვავდება, რასაც ამ გაზეთის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელიც ადასტურებს.
„სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტიც კი, იძულებული გახდა ,,The New York Times”-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელი შეეტანა ფლორიდის სასამართლოში, გარკვეულწილად ყველაფერს ნათელს ხდის და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის გონებაში არ ტოვებს იმედგაცრუებისთვის ადგილს.
ბატონი დონალდ ტრამპის შეფასებით, მან სარჩელი შეიტანა რადიკალი მემარცხენეების მიერ მხარდაჭერილი ,,ქვეყნის ისტრორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ“, ხოლო სარჩელით აღნიშნულ მედიას ედავება ბოროტი განზრახვით დამახინჯებული და ტყუილებით სავსე ინფორმაციის გავრცელებას.
როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას ამბობს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ის სტატია, რაც ბაჩიაშვილის საქმესთან (არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, საკითხების ბევრად უფრო ფართო სპექტრს ეხება სტატიის ტექსტი) დაკავშირებით გამოქვეყნდა, არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ნათელია, რომ გარკვეული ისტორიისა და ოდესღაც რეპუტაციის მქონე ეს მსხვილი ,,მედიები“, დღეს არაფრით განსხვავდებიან ლოკალური (ვგულისხმობ საქართველოში მოქმედ ზოგიერთ მედიას), ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ,,მედიებისგან“, მოქმედებენ იგივე პრინციპებითა და მიზნებით, რაც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ამავდროულად“, – წერს თეიმურაზ წიქვაძე.