მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7%-ია, რაც ივნისის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც 0.5 პ.პ-თი მეტია წინა პროგნოზზე.
„2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერია, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, როგორც 2025, ისე 2026 წელს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025-2027 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.8% იქნება, რაც ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შენელებისა და გამოწვევების მიუხედავად, რეგიონი მდგრადობას ინარჩუნებს. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2.4%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევიან თურქეთი (3.5%), პოლონეთი (3.2%) და ცენტრალური აზია (5.9%).