4 ოქტომბერს, ოთხი საათი დათქვეს, დაორგანიზდნენ და მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღების შემდეგაც ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ სალომე ზურაბიშვილი, დაეყენებინათ და ეთქვათ, რომ ახლა ხელისუფლება ჩვენს ხელშია, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად მისულ აქციის მონაწილეებს დახვდათ სალი კლდე სამართალდამცველების სახით.
„ხელისგულზე დევს, რაც ხდებოდა, საითაც მიდიოდა ყველაფერი. ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს, შარშან, არჩევნებიდან მეორე დღესვე თქვა, რომ არჩევნები არ არის, მე ვარ პრეზიდენტი, ვიქნები და ვიქნებიო. მას ეახლებოდნენ ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის, ეახლებოდნენ მის სასტუმროს, თუ ოფისი, რაც აქვს ნაქირავები რეზიდენციაში და ის დღემდე უკანონოდ იყენებს პრეზიდენტის შტანდარტს, პრეზიდენტის დროშას, რომლის გამოყენების ერთადერთი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ჩვეულებრივი მითვისების აქტია, რომელსაც ის სჩადის და ამას განზრახ დებს ხოლმე შეხვედრებზე ევროკავშირის ელჩთან, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩთან, ესენიც ეგუებიან, რომ ეახლებიან თვითმარქვია ადამიანს მის ოფისში და დგამენ სურათს, თითქოს ის არის ლეგიტიმური. საერთო ჯამში, ყველაფერი დალაგდა ისე, საითკენაც მიდიოდა, არჩევნები ყოველთვის არის ხოლმე კულმინაციის მომენტი ემოციურად. ამიტომ არჩევნებამდე მიიყვანეს ეს საკითხი.
4-ში ოთხი საათი დათქვეს, დაორგანიზდნენ და მიზანში ამოიღეს ზუსტად ის შენობა, პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღების შემდეგაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ სალომე ზურაბიშვილი, დაეყენებინათ და ეთქვათ, რომ ახლა ხელისუფლება ჩვენს ხელშია. ეს მანამდე თქვეს თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძემ და იმ რამდენიმე ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ, ზოგი კაფეს თანამშრომელია, ზოგი ინჟინერია და ზოგი ექიმია, იქ ვინც იყო, ვგულისხმობ ყველა მოქალაქეს, თითოეულ მათგანს, ვინც თავისუფლების მოედანზე იყო, მათ აწიეს ხელი, თუ მანდატი, ტაში დაუკრეს, კენჭისყრა ჩაატარა პაატა ბურჭულაძემ, საორგანიზაციო კომიტეტმა და ამ რამდენიმე ათასმა თქვა, რომ ხელისუფლება ავიღეთ ჩვენ ხელში. მორჩა, დავამხეთ ხელისუფლება სიტყვით, ახლა ეს უნდა გავაკეთოთ საქმით და დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ.
მივიდნენ პრეზიდენტის სასახლის ასაღებად, დაიწყეს პრეზიდენტის სასახლის აღება, შევარდნენ შიგნით, დახვდათ სალი კლდე ჩვენი სამართალდამცველების სახით და დამარცხდნენ ქართველ პოლიციელთან. ერთადერთი, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა, არის ქართველი პოლიციელი, სპეცრაზმელი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომლებსაც ხედავდით, რომ ლამის შიშველი ხელებით უწევდათ მათთან ბრძოლა, პირველი შერკინება. ამან გადაგვარჩინა, არა იქ ელჩის განცხადებამ. მახსოვს, მედია მიმართავდა ევროკავშირის ელჩს, იქნებ განცხადება გააკეთოთო და დაიმალა სუყველა. სხვა დროს რომ ვერ დაასწრებს ვერავინ განცხადებას, ყველა დაიმალა. ერთი განცხადება დაენანათ ქართველი ხალხისთვის, რომ ხალხო, მშვიდობა და ნუ შევარდებით პრეზიდენტის რეზიდენციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.