ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატია, ქართველი ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას და აკეთებს არჩევანს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ბიუროკრატები, პოლიტიკოსები ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, საქართველოში დემოკრატიას და ამას უკავშირდება მათი ღია მხარდაჭერა ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიმართ.
„უშუალოდ პროცესშიც იყო კონკრეტული განცხადებები, მაგალითად რასა იუკნევიჩიანე, რომელიც არის ევროპარლამენტის მიერ დანიშნული საქართველოს საკითხებზე ოფიციალურ მომხსენებლად, ის პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა ძალადობას, პოლიციელებზე ძალადობას, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას. ხედავთ, რა უბედურებაშია გახვეული ევროპული ბიუროკრატია, ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი. იყო სხვა განცხადებებიც. 4 ოქტომბრამდე ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა დაუჭირა მხარი იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა. ეს კიდევ ერთხელ ძალიან მარტივ კითხვაზე გვაძლევს პასუხს, რა ფასი აქვს ამ ძალების, ამ სტრუქტურების, ამ ადამიანების განცხადებებს. რა თქმა უნდა, არც დღეს და არც მომავალში არავითარი ფასი არ აქვს და ვერ ექნება ასეთ განცხადებებს, იმდენად აშკარაა მათი გაბოროტება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველმა ხალხმა ჯერ 2020 წელს აირჩია მმართველი ძალა, შემდეგ 2024 წელს, 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა, მანამდე 2012 წელს და ეს ადამიანები არიან გაღიზიანებული ქართველ ხალხზე სწორედ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუმცა ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატია და ქართველი ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას და აკეთებს არჩევანს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.