ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა წელს უკვე მემილიონე მგზავრი მიიღო. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, ეს უპრეცედენტო მოვლენაა ბათუმის აეროპორტის არსებობის ისტორიაში.
„ტავ ჯორჯიას“ გათვლებით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და 1,2 მილიონს მიაღწევს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ის ბორტზე სიმბოლური ღონისძიებით გააცილეს. ბათუმში 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდა 32 პროცენტია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი – 90 პროცენტი.
„აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა.
მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, „ტავ ჯორჯია“ მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია დასრულდა, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა და ასევე, კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. ასევე, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.