ვერ გეტყვით, მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს და რაში არსებობს, სწორედ ამიტომაც მიდის გამოძიება, მთავარი არის ერთი რამ, მათ შორის პარლამენტის მოლოდინი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, ყველა ორგანიზატორს, ყველა დამფინანსებელს და გარე წამხალისებელს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებში ბაჩო ახალაიას შესაძლო ჩართულობის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ ახალაია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მონაწილე.
„ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური თუ ბოლო პერიოდის ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი, ყველა ხედავდა. ვხედავთ მის მეუღლეს, რომელიც აქტიურია სოცქსელში, ის [ბაჩო ახალაია] თავად არ ჩანს, მაგრამ მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის აჟღერებს იმ სათქმელს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს.
რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომ ამაში გაერკვნენ რომ დადგინდეს ყველა დეტალი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ძალოვანი უწყებების მოქმედებების სტანდარტზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვხედავთ, როგორი სტანდარტით მოქმედებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბერს, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოძალადეების მოგერიების დროს პრეზიდენტის სასახლის რეზიდენციაზე შტურმისას, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა. თუ არ ვცდები, მოძალადეების მხრიდან სულ 3-4 ადამიანია დაშავებული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სტანდარტით მოქმედებენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ძალადობის აღკვეთისას.
ასევე ვხედავთ, როგორი სტანდარტით მოქმედებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისას ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რაც დღემდე ნახეთ. თუ არ ვცდები, უკვე 45 ადამიანია დაკავებული. ყველა ფაქტთან დაკავშირებით თქვენ ასევე ნახეთ ვიდეომტკიცებულებები, ეს არის ნაწილი მტკიცებულებებისა, რომლებიც არსებობს.
ასე რომ, ეს არის სტანდარტი. ვერ გეტყვით, მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს და რაში არსებობს, სწორედ ამიტომაც მიდის გამოძიება, მთავარი არის ერთი რამ, მათ შორის პარლამენტის მოლოდინი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, ყველა ორგანიზატორს, ყველა დამფინანსებელს და გარე წამხალისებელს და დააყენონ შესაბამისი პასუხისმგებლობა ყველას მიმართ, სადაც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
4 ოქტომბრის საღამოს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს ასახავს. „შეტაკება, თავპირის მტვრევა, რაც შეიძლება მეტი კერა. დაგნარი მაქსიმალურად. მერე უკვე ვინ მოკვდება, ჩვენიანი, პოლიციელი“ – ისმის აუდიოჩანწერში.