ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმის შესახებ განუცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული პროცესები ამ დრომდე არ დაგმეს.
მისი თქმით, ყველა ბოროტება, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა.
„ქვეყანაში ძალადობას თვითონ ახალისებენ, აფინანსებენ ამ ტიპის ადამიანების შექმნას, თვითონ აფინანსებენ ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, თვითონ ახალისებენ ბოროტებას, ამიტომ როგორ დაგმობენ. ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა. იღებენ დავალებებს და ცდილობენ, განახორციელონ. რამდენად გამოსდით, ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, პროცესები გარედან არის მართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი, ასევე, ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის სიმართლეზე დაფუძნებულ განცხადებებს არ გააკეთებს.
„საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებს და დაგმობს? ყველამ კარგად ვიცით და ცხადია, თუ როგორ იმართება პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები – უსამშობლო აგენტურა. შესაბამისად, ცხადია, ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.