საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს მორიგ ჯერზე ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააჩნია.
ფორუმის მიზნებთან დაკავშირებით მინისტრმა „ქრონიკასთან“ დეტალურად ისაუბრა.
„ფორუმმა შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ბევრი ქვეყნისთვის, ისევე როგორც კერძო სექტორისთვის, რომ ორმა მხარემ ერთმანეთში აწარმოოს დიალოგი. მათ შორის იყოს საინტერესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვისაუბროთ გლობალურ ეკონომიკურ დინამიკებზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს არაერთი საერთაშორისო წამყვანი მედიის წარმომადგენელი ეწვევა და ეს მორიგი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა – ის წარმატება, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, ისევ როგორც არა ერთ დარგში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადი მესიჯი იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი და თუ რა სახის პროექტებს ახორციელებს ხელისუფლება.
„მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ უშუალოდ სატრანსპორტო მარშრუტის გაციფრულებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ტარდება და ჩვენ ვუმასპინძლებთ „ფინტეკის“ ფორუმს, რომელსაც თავის მხრივ არაერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვევა. ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი ცხადყოფს, მათ ნდობასა და ინტერესს, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.