„დარწმუნებული ვარ, ე.წ ევროპელ ბიუროკრატებს, სანდუს და ასე შემდეგ, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ტექსტები, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო „მშვიდობიანი დამხობა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როცა ევროპელი ლიდერი გქვია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი უნდა დაგმო, მაგრამ ვერ გმობენ, რადგან ამის დავალება არ არის.
„მაიდანზეც პირდაპირ ჩადიოდნენ ევროპარლამენტარები, ევროლიდერები და გულშემატკივრობდნენ, ეს არის სცენარი, რომელიც პირდაპირ მხარდაჭერას გამოხატავს. მერამდენედ აიძულებენ რომელიმე გამოვიდეს და დაგმოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი და დამხობისკენ მოწოდებული ძალადობრივი ქმედება , ეს ხომ მარტივია, მით უმეტეს ევროპელი ლიდერი და ევროპარლამენტარი როცა გქვია, ხომ მარტივად შესაფასებელია, რომ ეს უნდა დაგმო, მაგრამ რატომ ვერ გმობენ იმიტომ, რომ ამ პროექტის, „დიფ სტეიტის“ ნაწილი არიან. დავალება არ არის, რომ დაგმოს, თუ იქნება დავალება აუცილებლად დაგმობს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.
„ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ევროპული, ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობა. თუ არ ვცდები 40 %- მდეა გაზრდილი საფრანგეთის ენერგოვაჭრობის თემები. ლატვიის დეპუტატები აქ ჩამოდიოდნენ, პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში და ომის წლებში რუსეთთან მიმართებით ლატვიის სასმელების ექსპორტი არის გაზრდილი. ეს უნამუსო ადამიანები, ერთი კითხვაც ვერ გაბედეს აქ წარმოდგენილმა ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა, იუთუბერებმა, ვინც არიან მათი მეხოტბეები, როცა ქვეყანას სანქციებზე შეერთებას მოუწოდებდნენ. ხატია დეკანოიძე იჯდა სხვა ქვეყნის ტელევიზიაში და პირდაპირ ბრალს სდებდა თავის ქვეყანას, შავი ხვრელები აქვთო და ასე შემდეგ. ეს არ დამტკიცდა, ჩამოსული იყვნენ ბრიტანელი, ამერიკელი შემფასებლები და განაცხადეს, რომ საქართველოსგან არაფერი ხდება. ნუთუ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ საპირისპირო კითხვა დაესვა, ჩემს ქვეყანას რომ მოუწოდებთ სანქციები დაუწესოს რუსეთს, თქვენ რატომ ვაჭრობთ რუსეთთან და სად არის ეს ლოგიკა?! ტრამპმა მოუწოდა, ვიდრე რუსეთთან თქვენი ვაჭრობა არ შეჩერდება, პროგრესი ვერ იქნებაო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.