გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩანა ახალაიას დაკითხვის დროს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დაკითხვიდან გამოსულმა ახალაიამ ეს ფაქტი უარყო. რა მოხდა რეალურად? – ამ კითხვით „იმედინიუსმა“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.
„იმედინიუსი“ დაინტერესდა ბაჩო ახალაიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ეპიზოდით, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.
„დაკითხვის დროს ბაჩანა ახალაია გახდა შეუძლოდ. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ „ნერვიულობისგან შაქარი დაუვარდა”. ცკპდ-ს თანამშრომლებმა გაუწიეს პირველადი დახმარება და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მათი მოსვლის დროისათვის ახალაია უკვე გაცილებით კარგად იყო და უარი განაცხადა ექიმების დახმარებაზე. რატომ დამალა მან მომხდარი ფაქტი, ამ კითხვის ადრესატები ჩვენ არ ვართ“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.