აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, ნატო-მ ესპანეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და მადრიდის მიერ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანა ალიანსიდან გარიცხონ.
2025 წლის ივნისში ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ხარჯებს ნატო-ს თითოეული სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ხუთ პროცენტამდე გაზრდიდნენ.
მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი „მშპ-ის, სულ მცირე, 3.5 პროცენტს“ სამხედრო ხარჯებზე მიმართავდნენ, 1.5 პროცენტს კი – უსაფრთხოებაზე, მისი ფართო გაგებით, როგორიცაა, მაგალითად, „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“ და „ქსელების თავდაცვა“.
ეს საკითხი ყოველთვის იყო ტრამპის პრიორიტეტი, რომელიც, უკვე მრავალი წელია, ევროპის მიერ საკუთარ თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას ითხოვს.
თუმცა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ხუთპროცენტიან მიზანს“ არ დაეთანხმება, რადგან ის „შეუთავსებელია სახელმწიფოს კეთილდღეობასთან და მსოფლმხედველობასთან“.
9 ოქტომბერს, ოვალურ კაბინეტში ნატო-ს რიგით მეორე ყველაზე ახალი წევრის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან შეხვედრისას, ტრამპმა მოითხოვა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ესპანეთზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მან ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულება დაადასტუროს.
„ესპანეთთან საუბრის დაწყება მოგიწევთ, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, – უნდა დაურეკოთ და გაარკვიოთ, რატომ ჩამორჩებიან ისინი სხვებს“.
„ამის არგასაკეთებლად არანაირი საბაბი არ აქვთ, მაგრამ კარგი, მოდით, გულწრფელად ვთქვათ – ის ნატო-დან უნდა გარიცხოთ“, – დასძინა მან.
ესპანეთი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში 1982 წელს გაწევრიანდა.
კოლექტიური თავდაცვის ალიანსი, რომელიც ამჟამად 32 ქვეყანას აერთიანებს, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელი სახმელეთო ომი დაიწყო.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/donald-trump-aconselha-nato-a-expulsar-espanha_n1689834