ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს და ყველას არ მოიცავს, მაგრამ დღეს არიან გარკვეული წარმომადგენლობები, რომლებიც აშკარად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ.
კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა: „ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიპლომატებს ავალდებულებს პატივი სცენ იმ სახელმწიფოს, სადაც იმყოფებიან. პატივი სცენ კანონებს, დებულებებს და ასევე, არ ჩაერიონ ამ ქვეყნის შიდა საქმეებში. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაცული ეს წესი საქართველოში აკრედიტებული ევროპელი ქვეყნების დიპლომატების მხრიდან“.
„პირდაპირ უნდა გაეცეს პასუხი ამას, რომ სამწუხაროდ არ არის. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს და ყველას არ მოიცავს, მაგრამ დღეს არიან გარკვეული წარმომადგენლობები, რომლებიც აშკარად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას. ეს თვალნათელია, როდესაც ვხედავთ ისეთ განცხადებებს, ისეთ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს მიმართ, რომელიც ყოვლად მიუღებელია. არა მხოლოდ დარღვევაა, არამედ ეს არის უკვე აღვირახსნილი გარკვეული მოქმედებები, რომლებიც მთლიანად ანგრევს გარკვეულწილად საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ამის მომსწრეები ვართ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
წამყვანმა მას ასევე ჰკითხა, თუ რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ეს ელჩები აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.
ზურაბ აბაშიძის თქმით, „ამ შეკითხვაზე პასუხისთვის ცოტა წიაღსვლებში უნდა წავიდეთ ჩვენი უახლესი ისტორიის, ვინაიდან ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრდა“.
„ქართული სახელმწიფო ახალი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ. მას მოუწია ძალიან რთული პერიოდების გავლა. ქვეყანაში იყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებდა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ის იყო სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, თავისთავად ეს არის მიჩვევა, ეს არის ის, რომ მათთვის საქართველო არის „უკანა ეზო“.
„დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მიჩვეულები იყვნენ მითითებების მიცემას, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს.
ეს არის ის ხაზი, რომელიც აუცილებლად დაინგრევა, მოიშლება იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ჩამოყალიბდეს ქართულ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ და ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.