4 ოქტომბრის მოვლენებსა და ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე მიტანილი შტურმის ფაქტზე, მმართველი გუნდი დაკავებულ პირთა წრის გაფართოებას ელოდება. რამდენიმე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ძალადობაში მონაწილე დემონსტრანტების იდენტიფიცირება შსს-ში ამ დრომდე გრძელდება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გამოძიება მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, მათ არაერთხელ გააფრთხილეს, აქციის მონაწილეები, რომ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში, კანონი ყველას მიმართ მკაცრი იქნებოდა. თითოეულმა მონაწილემ, რომელმაც, კარგად იცოდა, სად მიდიოდა, სახელისუფლებო პარტიის თქმით, პასუხი უნდა აგოს.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
“ვისზეა ეს მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, არის ორგანიზატორებზე, პოლიტიკურს პარტიაზე, პოლიტიკურ პირსა თუ სხვადასხვა ჯგუფზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც წლების განმავლობაში, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებებით გამოდიოდნენ, რომლებიც კონკრეტულად ამ აქციისთვის ხალხს ეუბნებოდნენ, რომ დავამხობთ და ნახეთ, ჩვენ ამათ, რას დავმართებთ.
დღეს ყველა ცდილობს, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ხელი შეაწმინდოს მხოლოდ იმ ორგანიზატორებს, რომლებიც დაკავებულები არიან და იმ კონკრეტულ შემსრულებლებს, ვინც ამ ძალადობრივ აქციას ახორციელებდნენ. უნდა ითქვას, რომ არავის არავის დაკავება არ უხარია, მაგრამ წარმოუდგენელი დანაშაულია საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაშე, რომ ასეთი ტიპის მოძალადეებს კანონმა არ გასცეს შესაბამისი პასუხი,” – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.