ვალდებული ვარ, გიჩვენოთ, რისგან გადაარჩინა საქართველო ირაკლი კობახიძის ხელისუფლებამ, რომლის დასამხობადაც იარაღის არსენალიც კი ჰქონდათ გამზადებული თბილისის სიახლოვეს, – განაცხადა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ.
მან 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალების მხრიდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოცქსელებსა თუ ზოგიერთ მედიასაშუალებებში ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზება მიმდინარეობს.
„მიზანშია მშვიდობიანი საქართველო – კვალი ისევ უკრაინამდე მიდის.
რა საფრთხე ააცილა ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მამუკა მდინარაძემ? ვის ეკუთვნის ხელისუფლების დასამხობად ტყეში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები?
მართალია, რადიკალები 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე სპეკულირებენ და ამტკიცებენ, თითქოს კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, მაგრამ ყველა კითხვაზე თავადვე სცემენ პასუხს – საკუთარ პოსტებში, რომლებიც სოცქსელებში ვრცელდება, საკუთარ ტელეარხებზე, სადაც ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზება მიმდინარეობს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთი კვირის თავზე, ყველამ ყველაფერი თქვა – რადიკალები თავად ალაპარაკდნენ.
დაიწყეს ერთმანეთის მხილება ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში: ვინ ვის სახლში მიდიოდა, რა მიზნით, და ვინ იყო მომხრე ან წინააღმდეგი სისხლის ღვრის. მათი ყალბი დაპირისპირება და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა სახეზეა, ყველა დეტალის გამოძიება, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების საქმეა. მე კი ვალდებული ვარ, გიჩვენოთ, რისგან გადაარჩინა საქართველო ირაკლი კობახიძის ხელისუფლებამ, რომლის დასამხობადაც იარაღის არსენალიც კი ჰქონდათ გამზადებული თბილისის სიახლოვეს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.
„მშვიდობიანი დამხობა“ – მეორე ფრონტის ავტორებისგან, ნახეთ მარიამ ოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში.