“ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ერთი მხრივ, იცოდნენ ის, რომ ისინი ხდებოდნენ ძალადობრივი შეკრების, ძალადობრივი აქციის მონაწილეები, რომელსაც ჰქონდა ანტი სახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური მიზნები და, თავის მხრივ, საბოლოო ამოცანა იყო ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განუცხადა.
„ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს წინა პერიოდს, გაკეთდა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება სწორედ ამ ჯგუფების მისამართით. მათი რეალური მიზანი იყო ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოერყიათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები. უპირველესად, მათთვის გამოწვევა იყო სამართალდამცავი ორგანოები და შემდგომ დაეწყო ყველაფერს იმ სცენარით განვითარება, რაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი გარე ძალების სამუშაო მაგიდაზე დიდი ხანია, მუშავდება და დევს. ეს არის ძალადობრივი გზით ეროვნული ხელისუფლების შეცვლა მარიონეტული რეჟიმით, მარიონეტული ფიგურებით, რომლებიც იქნებოდნენ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული დავალებების შემსრულებლები“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.