„იმედის კვირა“ მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა, ჩაეწერა ინტერვიუ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან, რომელიც ეკლესიის ამბიონზეც, რადიკალების აქციებზეც და ოპოზიციურ არხებზეც რადიკალური და რევოლუციური მოწოდებებით გამოდის. თუმცა, მასთან მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა მოხერხდა. არქიმანდრიტი ადასტურებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდება და აქციების მოწოდებით კვლავაც გამოვა.
„ლელოსაც“ ვხვდები, გახარიასაც ვხვდები, ყველას ვხვდები. აქციაზე ხვალაც მოვუწოდებ და ზეგაც, რომ ეს საპროტესტო აქციები გაიმართოს მშვიდობიანად”, – ამბობს დოროთე ყურაშვილი, ხოლო კითხვაზე, რევოლუცია მშვიდობიანია თუ არა, იგი„იმედის კვირას“ პასუხობს: „მშვიდობიანი რევოლუციები ხდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ ნახა ის ინტერვიუს ჩასაწერად ვერც ტაძარში, ვერც სახლში და ვერც კელიაში, არქიმანდრიტმა უპასუხა კითხვით, რატომ არ მივიდა ჟურნალისტი მის სანახავად აქციაზე. ხოლო კითხვაზე, დაგმო თუ არა მან აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტებზე ძალადობა, დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, ვინ იძალადა „იმედის“ ჟურნალისტებზე.
არქიმანდრიტი ამბობს, რომ მისი მოწოდება იყო „მშვიდობიანი რევოლუცია“.
„მე ვსაუბრობდი მშვიდობიან რევოლუციაზე, დროშების რევოლუციაზე, რომელიც უნდა მოხდეს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
მან 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ [პრეზიდენტის სასახლის] ღობე გადაჭრილი იყო. ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა ღობის დანგრევის მცდელობა, ყურაშვილი გასული წლის მოვლენებს იხსენებს და ამბობს: „თვითონ მთავრობამ შეიყვანა იქ, მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, ასევე გამოიწვია თვითონ, რომ ეს მოჭრილი ღობე დაახვედრა“.