გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა. 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი. სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლიბეთ. იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში არიან შესული, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე კომიკურია.
„არ ვიცი, რა მდგომარეობაშია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როდესაც ასეთ შეთქმულების თეორიაში არიან შესულები. ჩვენ იქ დამხობის მცდელობა ვნახეთ – ეზოში შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა. ძალიან ცუდი კადრები ვნახეთ, 15-მდე დაშავებული პოლიციელი. იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის. კითხვა: როგორ შეიძლება, სამ ადამიანს სამ წამში გადაენგრია ღობე? პასუხი: ეტყობა, ჯანზე იყვნენ. სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობთ, ძალადობა გაამართლოთ იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.