მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც 4 ოქტომბერს მივიდა საარჩევნო უბნებზე. განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაამყარეს დემოკრატიული მანდატი, რომელიც ხელისუფლებას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებით, მოქალაქეების მანდატით დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მივულოცო მთლიანად ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ ამით დასრულდა საარჩევნო ციკლი – შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს უკვე, 4 ოქტომბერს თვითმმართველობების არჩევით. ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანოები დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ შემდეგი სამი წელიწადი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული იმ განვითარების გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას წარდგენილ იქნა გამარჯვებული გუნდის მიერ. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მიხარია, რომ მხარდაჭერის მხრივ, ფაქტობრივად, გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მილიონ ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ამით თვითმმართველობის არჩევნებზე გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი. შეგახსენებთ, რომ ეს უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც მაშინ რეფერენდუმად იყო გამოცხადებული და თითქმის საპარლამენტო ხასიათი მიეცა. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც 4 ოქტომბერს მივიდა საარჩევნო უბნებზე და თავისი პოლიტიკური პრეფერენცია დააფიქსირა, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდაჭერები არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაამყარეს დემოკრატიული მანდატი, რომელიც ხელისუფლებას აქვს და ამით გაამყარეს რწმენა, რომ სწორად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ეს იყო, გარკვეულწილად, მათ შორის, შეფასება იმ ერთწლიანი გარედან თავს მოხვეული პროცესისა, რომელშიც ვიყავით. ამ არჩევნებითაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ნაბიჯების, ხელისუფლების პოლიტიკის სისწორე. ამ არჩევნებით, მოქალაქეების მანდატით დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას აქვს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში მიღებულ კანონებს. ეს არის დემოკრატია. ხალხის სიტყვა არის მთავარი. ძალაუფლება მოდის ხალხიდან და ხალხმა ამ ერთწლიანი საარჩევნო ციკლით თავისი ძალაუფლების მანდატი გადასცა მოქმედ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.