ექსპერტი დავით ჩიხელიძე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეფ ლუკა ნაჭყებიას მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც ექიმი ვერ გახდება იურისტი ერთი ვიდეოს ყურებით, ისე შეფ-მზარეული ვერ შეაფასებს განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც სიღრმისეულ ცოდნას, კვლევებსა და აკადემიურ გამოცდილებას მოითხოვს.
მისივე შეფასებით, განათლების რეფორმა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, რომელიც მხოლოდ აკადემიურ წრეებს, განათლების ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს ეკუთვნით.
“შეფ-მზარეული ლუკა განათლების რეფორმას აკრიტიკებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, ხოლო სერიოზულად რომ შევაფასოთ, უკვე ტრაგიკულია. არ შეიძლება ადამიანი ყველაფრის მცოდნე იყოს ეს უბრალოდ ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. როგორც ექიმი ვერ გახდება იურისტი ერთი ვიდეოს ყურებით, ისე შეფ-მზარეული ვერ შეაფასებს განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც სიღრმისეულ ცოდნას, კვლევებსა და აკადემიურ გამოცდილებას მოითხოვს.
თუ ადამიანი საკუთარ თავს ყოვლისმცოდნედ მიიჩნევს, მინიმუმ ბრიყვს ემსგავსება, მაქსიმუმ კი საზოგადოების შეცდომაში შემყვან დესტრუქციულ ადამიანად იქცევა. წარმოიდგინეთ, რა აბსურდული იქნებოდა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლუკა ნაჭყებიას კერძის მომზადების ტექნიკაზე რჩევებს აძლევდეს, ან მის რეცეპტებს აკრიტიკებდეს ეს ხომ სრული დაუფასებლობა იქნებოდა პროფესიონალიზმისადმი? ზუსტად ასეთი სურათია მაშინ, როცა კულინარი საუბრობს განათლების პოლიტიკაზე.
განათლების რეფორმა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, რომელიც მხოლოდ აკადემიურ წრეებს, განათლების ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს ეკუთვნით. მათ ხელშია ცოდნის, კვლევის, საერთაშორისო პრაქტიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ბალანსი.
როგორც იტყვიან პური ხაბაზმა უნდა აცხოს, კერძი ლუკამ მოამზადოს, ხოლო განათლების საკითხებში გადაწყვეტილება შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებმა უნდა მიიღონ.” – წერს დავით ჩიხელიძე.