მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ხალხის მეტი კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს – ვეტერანთა შვილებს – სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ვეტერანთა მხარდაჭერის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა გადასცა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ვეტერანები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა (ფოტოები)
17.10.2025 17:42:03

კომენტარები
ნანახია: 12 ჯერ