ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესები თავიდან ბოლომდე, გარედან არის ორგანიზებული.
„დაკვეთა გარედან მოდის, ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ის შემთხვევით ხომ არ მისულა იქ, ეს იყო დავალების გაზიარება, რომ შეუქმნან თბილისის მოსახლეობას ამგვარი დისკომფორტი. ასე რომ, დავალებას ასრულებენ, მზად არიან ციხეში წავიდნენ, ოღონდ უცხოელების დავალება შეასრულონ. სამწუხარო რეალობაა რასაც ვაკვირდებით ამ ჯგუფების სახით, რომლებსაც ყველანაირი კავშირი ეროვნულ ინტერესთან, ქვეყანასთან დაკარგული აქვთ. არადა ფინეთში ხალხს იჭერენ გზის გადაკეტვის გამო და ჩვენთან თავად გადაკეტა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გზა. ჩვენ ვიხილეთ მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა ქვეყნის გადატრიალების გარედან დაწერილი და მართული, რომელიც ჩაიშალა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას – „ნინო ლომჯარიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ, რადგან გარეთ საკმარისი ადამიანი არ იდგა. ამას როგორ შეაფასებთ?“
„მე რამდენადაც ვხვდები, ქალბატონი ლომჯარია სხვებს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა და თავად ტროტუარსაც არ ჩასცილებია, ესეც საინტერესო მომენტია, როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არიან უცხო ძალების დაკვეთების გამჟღერებლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.