პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გერმანიის ხელისუფლება გაიწვევს პეტერ ფიშერს იმ მიზეზით, რომ ფიშერმა საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გააუარესა.
მათიკაშვილის თქმით, იმედი აქვს, გერმანიის ხელისუფლება ორ ქვეყანას შორის ისტორიულად საუკეთესო ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგამს ნაბიჯს.
„პეტერ ფიშერი ის დიპლომატი იყო, რომელმაც ყველა წესი დაარღვია, თუ რამე არსებობს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რაც დიპლომატის ქცევას აწესრიგებს. კარგად გვახსოვს რადიკალებთან მისი შეხვედრები, შეურაცხმყოფელი ტექსტები, სასამართლოზე ზეწოლა და რადიკალი ოპოზიციონერისგან ქონების ქირაობა. სასურველია, თუ გერმანიის ხელისუფლება ამ ყველაფერს გაიაზრებს და მისი გაწვევა მოხდება იმ მიზეზით, რომ საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობების გაუარესება პიტერ ფიშერის გამო მოხდა. საინტერესოა ის კითხვებიც, რაც გერმანიაში ერთ-ერთმა ცნობილმა პარტიამ ხელისუფლებას წარუდგინა. საუბარია, რა მიზეზით და როგორ ხდებოდა დიპლომატიური წესის დარღვევა პიტერ ფიშერის მიერ. იმედია, შემდეგი ნაბიჯები იქნება ორ ქვეყანას შორის ისტორიულად საუკეთესო ურთიერთობების აღსადგენად და არა იმ კედლის გასამაგრებლად, რაც პეტერ ფიშერის საქმიანობით აღიმართა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
ამასთან, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა.