ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის შეხვედრა.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.