უახლოეს დღეებში საქართველოს ელჩი გაემგზავრება უკვე ბერლინში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გერმანულ მხარესთან ელჩის დონეზე გვქონდეს კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სიტუაციაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ელჩის პირველი ფუნქცია ქვეყანაში არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გავლენას იქონიებს კონსულტაციებისთვის გერმანიის ელჩის გაწვევა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე.
„ერთ მხარეს არის ქმედებები, მეორე მხარეს არის მხილება და საუბარი ჩვენი მხრიდან ამ ქმედებებზე, თუ როგორ ვხედავთ ამ ქმედებებს. რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ზოგადად, ბოლო პერიოდში, ბევრი უპრეცედენტო რამ ხდება ჩვენს თავს. უპრეცედენტოა ასეთი ზეწოლა, რაც დღეს საქართველოზე ხორციელდება და რაც ჩვენი დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში შეიძლება არ ყოფილა. ძალიან ბევრ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება დღეს სხვაგვარად, უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა. ესეც უპრეცედენტო იყო, თუ რა დონეზე დავიყვანეთ ამ კონკრეტული ელჩის ელჩობის პერიოდში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები. ესეც უპრეცედენტო და ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. ელჩის პირველი ფუნქცია ქვეყანაში არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა.
რაც არ უნდა მძიმე იყოს ურთიერთობები, ელჩის, დიპლომატის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ყველაზე მძიმე მოცემულობაში მონახოს გზები, როგორღაც გაამარტივოს კომუნიკაცია. ეს არის დიპლომატის მთავარი ფუნქცია. როდესაც დიპლომატი პირიქით მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უარესი გახადოს, კიდევ უფრო მძიმეა ამ შედეგებთან გამკლავება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ კონკრეტულმა ელჩმა, იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეემსუბუქებინა, თუკი მძიმე იყო, პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები დამძიმებულიყო. ძალიან სამწუხაროა, საქართველოს, ფაქტობრივად, 1 წელია, ელჩი არ ჰყავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გარკვეული დრო სჭირდება პროცედურებს, ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავიდანვე პრიორიტეტი იყო, რომ გერმანიაში ჩვენ ელჩი გვყოლოდა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი დასრულებულიყო და დასრულდა. უახლოეს დღეებში საქართველოს ელჩი გაემგზავრება უკვე ბერლინში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ გერმანულ მხარესთან ელჩის დონეზე გვქონდეს კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სიტუაციაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, საკმაოდ აქტუალური გახდა გერმანული საზოგადოებისთვისაც ელჩის საქმიანობა საქართველოში.
„ჩვენ ვნახეთ, რომ კითხვები გაჩნდა გერმანულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, რაც ასევე არ არის მაინცდამაინც მიღებული და სასურველი რამ, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ. როდესაც ასეთი კითხვები ჩნდება, ეს არის უსიამოვნო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის. უსიამოვნო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ჩვენს რომელიმე ელჩს რომ მსგავსი რამ შემთხვეოდა რომელიმე ქვეყანაში. ბევრი კითხვებია დასმული მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელჩის სულისკვეთება უნდა იყოს ამ ქვეყანაში ის, რომ ხელისუფლებასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ქვეყანასთან, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობაზე იყოს მისი საქმიანობა მიმართული, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ამ წუთას ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ კონსულტაციებისთვის გამოძახებულია ელჩი ფიშერი ბერლინში. რამდენ ხანს გასტანს კონსულტაციები, არავინ იცის.
სურვილის შემთხვევაში, ეს არის შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარკვეული პოზიტიური დინამიკა გავაჩინოთ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა მაქსიმალურად დაძაბვის მცდელობები ამ ურთიერთობის, რაც ჩვენთვის სასურველი არ არის. გერმანია საქართველოსთვის ყოველთვის იყო გამორჩეული პარტნიორი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო გერმანიასთან ურთიერთობები საქართველოსთვის. ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარეც, ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან, ის ურთიერთობები, რაც აშენდა 2 ქვეყანას შორის, ის მხარდაჭერაც არავის დავიწყებია. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ვაფასებთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ურთიერთობების გაუარესებაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ და ამ ურთიერთობის გაუარესების მცდელობებზე, რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ელჩის ხელით. ძალიან სამწუხაროა.
იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესება ვიხილოთ მინიმუმ კომუნიკაციაში და შემდგომ უკვე შევხედავთ, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დინამიკა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.