გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის.
„2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში. „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების შეფასების მე-4 რაუნდი დაეთმო ადამიანით ვაჭრობისათვის მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენასა და მათ დაცვას.
ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად შეფასდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურის გამარტივება, დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელწმიფო უწყებების უფლებამოსილების ზრდა და სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში 2024 წლის 23-27 სექტემბერს GRETA-ს დელეგაცია იმყოფებოდა ვიზიტით საქართველოში.
საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.
GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშში აღნიშნული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში იმეორებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის სულისკვეთებას, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-10 წელია უმაღლეს საფეხურზეა და ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.