რადიკალებმა, მცირე რაოდენობის ხალხის მიუხედავად, რაც გააკეთეს – დამხობის მცდელობის ინსცენირება, ამაზე შესაბამისი პასუხიც მიიღეს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი ამგვარად გამოეხმაურა ახალ კანონს, რომელიც ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვისთვის რეაგირების ზომების გამკაცრებას ეხება.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კანონის ეფექტურობის განსასაზღვრად საჭიროა, მისი ძალაში შესვლიდან გარკვეული დრო გავიდეს.
„რაც უფრო მკაცრია კანონი, მას თავისი პლუსი აქვს – სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ საშუალება ჯარიმის ნაცვლად, ადამიანები განარიდონ ტერიტორიას, რადგან არ შეიძლება ათმა და ოცმა კაცმა მთავარი გამზირი გადაკეტოს. ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ვერავინ მოიყვანა მსგავსი მაგალითი.
ამავდროულად, ამას სჭირდება გარკვეული დრო, იმიტომ, რომ როცა დაიწყო გზის გადაკეტვები, ხალხის რაოდენობა ამის საშუალებას იძლეოდა, თუმცა, შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. აქციის მონაწილეების რაოდენობამ იკლო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდნენ, შეკრებებს აზრი აღარ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაინახეს აქციების დამკვეთების რეალური სახე.
აქციების დამკვეთები არიან ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები და მათი პატრონები, რომლებმაც თქვეს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდნენ. მათ პირდაპირ მისცეს აღიარებითი ჩვენება, რომ არ მოვიდა იმ რაოდენობის ხალხი, რაც ეგონათ (მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ დამხობის სცენარს) და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დაგეგმილის შესრულებას. ის კი, რაც რადიკალებმა, მცირე რაოდენობის ხალხის მიუხედავად, მაინც გააკეთეს – დამხობის მცდელობის ინსცენირება, ამაზე შესაბამისი პასუხიც მიიღეს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.