„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ დელეგატებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის ფორუმის როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმის შესახებ გააკეთა აქცენტი.
„ჩვენ შევეხებით იმ ძირითად და ყველაზე სტრატეგიულ თემებს, რომლებიც ყველას გვაერთიანებს, მათ შორის: ინვესტიციებს, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკის სექტორს და ბევრ სხვას. იმ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, და იმ მოწყვლადობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დღეს ამ დაკავშირებადობას უფრო მეტად ვაფასებთ, ვიდრე ოდესმე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნების გასაძლიერებლად, ერთად დგომაა საჭირო – ასეთი პლატფორმები ნამდვილად აერთიანებს ყველას და დიდ ღირებულებას ქმნის აზრების გაცვლის, საკითხების განხილვისა და იმ საქმეებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მოძიების კუთხით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისის რიგით მეხუთე „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ხვალ გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.