„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც შუა კორიდორის მთავარ კარიბჭეს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის გემები, ნავსადგურის საერთი სიღრმე იქნება 16 მეტრი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს საქართველომდე ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს, გაზრდის სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას, ასევე კორიდორში მოიზიდავს მაღალი ღირებულების მქონე ტვირთებს. თამარ იოსელიანის განცხადებით, ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს, დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ფარგლებში და შექმნუს თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონების შექმნის შესაძლებლობებს.
თამარ იოსელიანმა პანელურ დისკუსიაზე მსჯელობისას, ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სასიცოცხლო როლს შუა დერეფნის პროექტის წინსვლის მიმართულებით და ევროპასა და აზიას შორის მდგრადი ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საზღვაო ინფრასტრუქტურაც მიმოიხილა, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს კერძო სექტორის მონაწილეობას, რათა შავი ზღვის სანაპიროზე პორტების ძლიერი, კონკურენტუნარიანი ქსელი შექმნილიყო.
„2024 წელს, ჩვენმა პორტებმა რეალურად მიიღეს, დაახლოებით, 1,7 ათასი გემი და გადავამუშავეთ თითქმის 600 000 TEU და 5,6 მილიონი ტონა ტვირთი, რითაც თითქმის სრულ სიმძლავრეს მივაღწიეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონტეინერების გამტარუნარიანობა, გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა“- განმარტა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამიტომ არის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებელი. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯი საქართველოს საზღვაო განვითარებაში, გაზრდის რა ჩვენს სიმძლავრეს, მოიზიდავს უფრო დიდ გემებს და გააძლიერებს მდგრად დაკავშირებადობას შუა დერეფნის მასშტაბით“- განაცხადა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანის გარდა, პანელურ დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ – სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, „საქაერონავიგაციის“ საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძე.