საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
პროკურორ ლაშა ფანჩულიძის თქმით, კაკაბაძემ პირადი მიზნებისთვის მოიხმარა ფედერაციის კუთვნილი თანხა, რომლის ნაწილიც – 350 000 დოლარის ფსონი მან “აჭარისა” და “რედისონის” კაზინოებში დადო.
ფანჩულიძის განმარტებით, ბრალდებულს ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კაკაბაძეს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ლარი, ამასთან, 45-ჯერ აქვს საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
კაკაბაძის ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობდა და მისი “ასეთი ფორმით” დაკავების საჭიროება არ იყო.
მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რისი დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია აქვს. მას გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა პრობლემები აწუხებს.
ადვოკატმა სასამართლოს კაკაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ასევე სასამართლოს მისი გაზრდაც და სხვა, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზა.
კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “კანონმორჩილი ადამიანია”.
“ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონმა პროკურორმა აღნიშნა. რაც შეეხება კაზინოს, კაზინოშიც ვყოფილვარ, მაგრამ ამხელა თანხებზე… პანდემია სანამ დაიწყებოდა, კაზინოში არ შევსულვარ, კაზინო აკრძალული არაა, მაგრამ არ ვყოფილვარ. ადრე ვყოფილვარ, არც მიჩნდება სურვილი.
გაუგებარია აუდიტის დასკვნა. შევქმნათ კომისია, რომ ეს გაუგებრობა არ იყოს… 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე და შევქმენი ნულიდან, გვყავდა ლეგენდები, მაგრამ წარმატებული ფედერაცია შევქმენი. ძალიან გული მწყდება, გაუგებრობაში რომ მოვხვდი. არასდროს დავმალულვარ, ეს თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, რაღაც თანხები იყო კი, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში”,- განაცხადა კაკაბაძემ.
პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ კაკაბაძეს 105 000 ლარი აქვს წაგებული.
ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ზურაბ კაკაბაძეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.
კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.