პოლიციის მანქანაზე მორბენალი გოგო ვერასდროს გახდება ვერც ქართველი ქალის და ვერც ქართული აქტივიზმის სახე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„სამწუხაროდ, ეს ვითომ აქტივისტები ითხოვენ, რომ ვიღაცის მონები და ვიღაცის მორჩილებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, კანონს ექნება შესაბამისი რეაგირება და თითოეული ამ თვითნებობის თუ დანაშაულებრივი მოქმედების დროს დაკავებული ადამიანი არის დამნაშავე და მათი დაკავება არაფრით უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შსს-ს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში. უწყების ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას და საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.