ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც „გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას“.
„ყველაფერთან ერთად, ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრისუელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ “მცირე იმპერიას” გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას.
სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის, სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცემა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში.
მაგრამ, რას უნდა ველოდოთ იმ ხალხისგან, ვინც სულ ახლახან ჟურნალისტებად მედიების მდევნელ პროკურორ ნიკა გვარამიას და სააკაშვილის კორუმპირებულ მინისტრს დავით კეზერაშვილს წარმოგვიჩენდა, ან მათგან, ვინც ძალადობის ორგანიზატორ შიდა ტერორისტ ცეცხლაძესთან სალონურ მიმოწერაშია.
შეუძლებელია, რომ დღეს, ბოლო ერთი წლის მანძილზე ორი ჩატარებული არჩევნების მაგალითზე, ვინმეს არ ესმოდეს რა განწყობაა ქვეყანაში, სად არის ქართველი ხალხის უმრავლესობა და რა სურს მას. ამიტომ, მათი პოლიტიკა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, მის არჩევანს, გარედან ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური თემებით აპირისპირებს ადამიანებს, უბიძგებს ძალადობისკენ და მსხვერპლის როლს არგებინებს ძალადობის ყველაზე მოწყვლად მონაწილეებს.
ჩვენ დღესაც ვხედავთ სწორედ ასეთ, წახალისებულ ადამიანებს, რომლებსაც მკაფიო გათვლით და ცივი გონებით წირავენ მართლწესრიგთან დაპირისპირების შედეგად მიღებული სასჯელებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ღია თუ ფარული ორგანიზატორი იკავებს დისტანციას, არ დგას ავანგარდში და საგამზირე მსხვერპლად სხვას წირავს.
ჩვენთვის ეს ტაქტიკა გასაგებია. თუმცა ის არ მუშაობს და არც იმუშავებს. სახელმწიფო მშვიდად, აუღელვებლად და მეთოდურად დაიცავს ამ ქვეყანაში წესრიგს, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას და უმრავლესობის აბსოლუტურ ნებას. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს ყველას,”- განაცხადა პაპუაშვილმა.