გაერთიანებული სამეფოს მონარქი, მეფე ჩარლზი ვატიკანში ჩავიდა.
ბოლო 500 წლის განმავლობაში ის პირველი ბრიტანელი მონარქი იქნება, რომელიც რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცებს.
მეფე ჩარლზი ვატიკანში დედოფალ კამილასთან ერთად ჩავიდა. დახვედრის ღონისძიებაზე ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა. მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა პაპ ლეო XIV-სთან შესახვედრად ავტოკოლონით გაემართნენ.
როგორც „ბიბისი“ წერს, სახელმწიფო ვიზიტი კათოლიკურ ეკლესიასა და ინგლისის ეკლესიას შორის შერიგების ძლიერ სიმბოლოებს გამოავლენს.
მედიის ცნობით, ინგლისის მეფე, რომელიც ამავდროულად ინგლისის ეკლესიის მეთაურია, კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან, პაპ ლეოსთან ერთად ილოცებს, რათა საჯაროდ გამოხატოს ერთიანობა. მე-16 საუკუნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ინგლისში რეფორმაცია მოხდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რომის პაპი და ინგლისის მეფე ერთად ილოცებენ.