ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ – კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა.
უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი.
აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.