22 ოქტომბერს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე გადადგა და ამის მიზეზად პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენესთან ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების გზების საკითხზე ფუნდამენტური უთანხმოება დაასახელა.
„მე ვიხსნი თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილებას. ჩემი გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დილით, 10:00 საათზე წარვადგინე“, – დაწერა შაკალიენემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.
„სულ რაღაც ერთი თვის წინ ვიმედოვნებდი, რომ ერთად მუშაობას შევძლებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ფუნდამენტური შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვა. მიმაჩნია, რომ არსებული საფრთხეების ფონზე, ყველა ინსტიტუტმა უნდა მოიძიოს რესურსები ეროვნული თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად. ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს სფერო მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“, – განაცხადა მან.
შაკალიენეს თქმით, მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5.5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა, მთავრობის მიერ შემუშავებული 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის სამინისტროსთვის მშპ-ს 5.38%-ს გამოყოფას ითვალისწინებს.
შაკალიენეს განცხადებით, ეს ციფრი გასულ კვირას თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებთან და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დასახელდა და სწორედ ამ შეხვედრამ გააფუჭა პრემიერ-მინისტრთან მისი ურთიერთობა.
შაკალიენემ გაასაჯაროვა მთავრობის შიდა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია თავდაცვისთვის მშპ-ს 4%-ზე ნაკლებს ითვალისწინებდა, 1 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ის 4.87%-მდე გაიზარდა, საბოლოოდ კი, 14 ოქტომბერს, 5.38%-ს მიაღწია.
„მიუხედავად ამისა, დაფინანსება მაინც არასაკმარისია და თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ზოგიერთი შესყიდვის გაუქმება მოგვიწევს. როგორც მიმდინარე, ისე მომავალი ფისკალური წლების თავდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში აქტიურ მონაწილეობას მომავალშიც გავაგრძელებ“, – განაცხადა შაკალიენემ.
მან წინა მინისტრები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრებთან და ფინანსთა მინისტრებთან თავდაცვის ბიუჯეტების შემცირების საკითხში დათმობებზე მიდიოდნენ და, ხშირად, წინააღმდეგობას არ უწევდნენ. მისივე თქმით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება ასეთ დათმობებს მიუღებელს ხდის.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრია არ შეიძლება თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის ან ფინანსთა სამინისტროების ხელში გადავიდეს“, – აღნიშნა შაკალიენემ და ხაზგასმით მოითხოვა, რომ რესურსები, საინვესტიციო უფლებამოსილება და თავდაცვის საჭიროებების შეფასება კვლავ ცენტრალიზებული იყოს.
პრემიერ-მინისტრმა რუგინიენემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიის საკითხებზე ზედამხედველობა თავდაცვის სამინისტროს ფარგლებიდან უნდა გავიდეს და ამის მიზეზად მან თავდაცვის კონტრაქტორებთან შაკალიენეს კავშირები დაასახელა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე შაკალიენეს მხარს უჭერდნენ თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში მონაწილეობენ.
