ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვაზე.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი დღეს წაუყენა. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას ითხოვდა.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.
17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
