ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ სამასი დღის განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.
„დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც, 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის, ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, არავის დაკავებას არ მიესალმება და უმჯობესი იქნება, რომ ეს ყველაფერი დაკავებისა და ჯარიმების გარეშე დასრულდეს.
„ეს არ არის საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა. ეს ყველგან ასეა, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ“, – დასძინა იოსელიანმა.
