მმართველ გუნდში მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და იხსენებენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აღნიშნავენ, მერცის განცხადება, რომელზეც სავარაუდოდ ევროკავშირს რეაგირება არ ექნება, ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს.
“უკრაინაში ომი როდესაც დაიწყო, რამხელა ამბავი აგვიტეხეს,, როგორც ამ რადიკალებმა, ასევე ელჩებმა და ასევე კონკრეტულმა ბიუროკრატებმა. მე მახსოვს პიტერ სტანოს ისტერიული განცხადებები, რომ დაუწესეთ რუსეთს სანქციებიო. ჩვენ, მიუხედავად დიდი წნეხისა, არ წავედით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად საქართველო არ წავიდა საკუთარი ეკონომიკის განადგურებაზე.
მაინტერესებს ახლა ევროკავშირი განიხილავს თუ არა ამ განცხადებას და დაუწესებენ თუ არა შეზღუდვებს ან სანქციებს გერმანიის კონკრეტულ ჩინოვნიკებს ამ განცხადებისთვის.
ანუ საქართველო მათთვის დაბალი ღობეა? ამას ნიშნავს ეს? კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა კომიკურ და გაურკვეველ მდგომარეობაშია თავად ევროკავშირი და როგორი ორმაგი სტანდარტები აქვთ”, – აცხადებს გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, ფრიდრიხ მერცი ელოდება, რომ ამერიკა “როსნეფტის” გერმანულ ბიზნესს სანქციებისგან გაათავისუფლებს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, საკითხი ამერიკელებთან განიხილება.
“ვვარაუდობ, რომ “როსნეფტისთვის” შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება”, – ამბობს მერცი.
