დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები კავშირგაბმულობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა, მათი ღვაწლი ხაზგასმით აღნიშნა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ლევან იზორიამ ყურადღება კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სტანდარტიზაციასა და ნატოს თანამედროვე სისტემებთან თავსებადობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პირად შემადგენლობას, ასევე, სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
მან კავშირგაბმულობის განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გაიხსენა და მათ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ სიტყვით გამოსვლისას, დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კავშირგაბმულობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის პირველი დღეებიდან აქტუალური გახდა შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის მხარდასაჭერად ისეთი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კავშირების დაგეგმვასა და უზრუნველყოფის კონტროლს, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ამ მიზნით, 1991 წლის დეკემბერში გენერალურ შტაბში კავშირგაბმულობის განყოფილება გაიხსნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 5 ივნისის №100 ბრძანებით, კავშირგაბმულობის სამმართველო და გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის კვანძი შეიქმნა.
დღეს, გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით შეიარაღებულ ძალებში მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის განვითარებისა და სრულყოფისათვის მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.