საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს წინააღმდეგ, „პოლიტიკური ჯაშუშობის“ ბრალდებით, დაკავების ორდერი გასცა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იმამოღლუ, „კორუფციის“ ბრალდებით, მარტიდან ისედაც ციხეში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება. ივლისში მას ახალი პატიმრობა სტამბოლის პროკურორის შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მიესაჯა.
იმამოღლუ ყველა ბრალდებას უარყოფს.
„ჯაშუშობის“ საქმეზე დაწყებული ახალი გამოძიება ასევე მიმართულია 2019 და 2024 წლებში იმამოღლუს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, ნეჯათი ეზქანის და ტელეარხ „ტელე1“-ის დირექტორის, მერდან იანარდაღის წინააღმდეგ.
თურქული სააგენტოს ინფორმაციით, იმამოღლუს, გამოძიების ფარგლებში, ბრალი ედება თაღლითობაში, რომელიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, ასევე ჯაშუშობაში, რომლის მიზანიც საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება იყო.
„ანადოლუს“ ცნობით, სტამბოლის სასამართლომ დაკავების ორდერი იმამოღლუსა და კიდევ ორ პირზე გასცა, რომელთა შორის არის იანარდაღიც.
პარასკევს თურქეთის მთავრობამ, ჯაშუშობის ბრალდების მოტივით, „ტელე1“-ზე კონტროლი დააწესა.
იმამოღლუს გარდა, ამჟამად ციხეში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) ასობით ჩინოსანი და არჩეული პირი იმყოფება. მათთვის წაყენებულ მრავალრიცხოვან ბრალდებებ შორის კორუფცია დომინირებს.
CHP-ი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ „პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებისა და პარტიის დასუსტებისკენ მიმართულ მთავრობის მცდელობად“ აფასებს.
