გიორგი გახარიას პარტიას არც პარლამენტის შიგნით, არც მის გარეთ არანაირი ფასი არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყვნენ.
„ერთი ხელით შეცდომას აღიარებდე და მეორე ხელით იგივეს იმეორებდე ან ფარისევლობაა, ან პოლიტიკური სიდუხჭირე. გახარიასგან არაფერი გვიკვირს და გაგვიკვირდება. მაინტერესებს, ბოდიში მოუხადეს თუ არა მიხეილ დაუშვილს, რომელზეც გახარიამ ცინიკურად იცინა და თქვა, რომ გამორჩა. ამ ფაქტზე პარტიის არცერთ წევრს ხმა არ ამოუღია. ამ პარტიას არც პარლამენტის შიგნით და მის გარეთ არანაირი ფასი არ ექნება. როცა ემსახურები არა საკუთარ ამომრჩეველს, არამედ უცხოელ პატრონებს, ასეთ დღეში ვარდები. ამ ადამიანებმა ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჩატში გაიგეს, რომ თურმე, პარლამენტში პოლიტიკური შატალო უნდა დაესრულებინათ და უნდა შემოსულიყვნენ. ეს პარტია პოლიტიკურად რომ გაკოტრებულია, მაშინ გამოჩნდა, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერიც კი ვერ გადალახეს. პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
